რუსთველის "ვეფხისტყაოსანი" – კულტურული ხიდი აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ და სეფიანთა ირანის ქართველები
საკვანძო სიტყვები:
ვეფხისტყაოსანი, ფრანსის ბომონტი, ჯონ ფლეტჩერი, ალავერდი ხანიანოტაცია
გზა აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ შუასაუკუნეებში იყო არა მხოლოდ სავაჭრო და ეკონომიკური, არამედ აგრეთვე კულტურული ხიდი. საქართველოც ამ კულტურული ხიდის ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი იყო. წინამდებარე გამოკვლევაში ამ მიმართულებითაა გამახვილებული ყურადღება რუსთველის ვეფხისტყაოსანზე. უკანასკნელი წლების კვლევა-ძიებებმა მე საშუალება მომცა, განმეცხადებინა და მემტკიცებინა სრულიად ახალი ფაქტი როგორც ქართველოლოგიისათვის, ასევე ინგლისური ლიტერატურათმცოდნეობისათვის: რუსთველის ვეფხისტყაოსანი XVII საუკუნის დასაწყისში გამოყენებულია როგორც სიუჟეტური წყარო ინგლისელი დრამატურგების ფრანსის ბომონტისა და ჯონ ფლეტჩერის მიერ. ვეფხისტყაოსნის მთავარი მოქმედი გმირების ტარიელისა და ნესტანის სიყვარულის ამბის საფუძველზე შექმნილია ორი პიესა _ ფილასტერი და მეფე და არა მეფე, რომლებიც მთელი XVII საუკუნის მანძილზე წარმატებით იდგმებოდა ინგლისის თეატრალურ სცენებზე. თუ რა გზით უნდა მიეღწია რუსთველის პოემის ამბავს შექსპირის ეპოქის ინგლისის ინტელექტუალურ წრეებამდე, საიდუმლოდ რჩება. ამ საკითხზე მხოლოდ სხვადასხვა ვარაუდი შეიძლება იქნას გამოთქმული. ამ ვარაუდთაგან ერთი, ჩემი აზრით შედარებით უფრო სარწმუნო, უნდა იყოს სპარსეთის სეფიანთა კარზე დაწინაურებული გამაჰმადიანებული ქართველების წრე, კერძოდ ალავერდი ხანი და მისი ოჯახი. საქმე ისაა, რომ XVI საუკუნის დამლევს ირანის სამეფო კარს ინგლისელთა დიდი წარმომადგენლობა ეწვია ცნობილი დიპლომატის ანტონი შერლის მეთაურობით. ინგლისელები დიდხანს დარჩნენ შაჰის კარზე და შაჰ აბასის და მასთან ერთად შაჰის უპირველესი მრჩეველისა და მხედართმთავრის ალავერდი ხანის ხელშეწყობით ირანის არმიის რეორგანიზაცია და გადაიარაღება მოახდინეს. ამის შემდეგ თვითონ ანტონი შერლი შაჰის დესპანის რანგში ევროპაში გაემგზავრა და წლების მანძილზე მოღვაწეობდა ირანსა და ევროპას შორის პოლიტიკური და სავაჭრო ურთიერთობების დასამყარებლად. ეს დრო ზუსტად ემთხვევა ინგლისში ვეფხისტყაოსნის ამბის შესვლის ჩემს მიერ გამოვლენილ ფაქტს.
ჩამოტვირთვები
გამოქვეყნებული
როგორ უნდა ციტირება
გამოცემა
სექცია
ლიცენზია

ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-NoDerivatives 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .

